თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ყავს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ლეკვების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან დედას პატარები ბუნაგში ჰყავს შემალული და ახლოს არავის უშვებს.
„რომ იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და ახლოს არავის აჭაჭანებს. ჩვენც არ ვურღვევთ მყუდროებას, არ ვანერვიულებთ, პალატაში არ ვეჭრებით, არიქა, ბავშვები დაგვანახეო და საშუალებას ვაძლევთ, თვითონ გადაწყვიტოს, როდის წარუდგინოს სამყაროს ნაშიერები.” – აღნიშნულია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ცნობილია, რომ ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, გამრავლების პრეცედენტები ძალიან ცოტაა. თბილისის ზოოპარკმა კი ეს მარტივად შეძლო.