დიმიტრი ხუნდაძე ივანიშვილთან დაპირისპირებას არ აპირებს

მმართველი გუნდის დეპუტატმა გუშინ უმრავლესობის საგანგებო სხდომის დანიშვნა მოითხოვა და პარტიის დატოვება დაანონსა. დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას არ აპირებს. მისი მიზანია გუნდი დაარწმუნოს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია.
“პირველი, 2024 წელს უნდა გადავსულიყავით პროპორციულზე და მე მაშინაც ვხედავდი წინააღმდეგობას და ვასაბუთებდი. მაშინ იყო პირობა ის, რომ გადავიდეთ 2024 წელს და მანამდე შეძლებთ, რომ თვითმმართველობა იყოს რეალურად თვითმმართველი და ძლიერი. ეს პირობა ავტომატურად ვერ შესრულდა იმიტომ, რომ 2020-ში დაიგეგმა გადასვლა პროპორციულზე. მეორე პირობა, რომელიც 20-21 ფაზის შემდეგ იქნა მოცემული, თითქოს ამ გადაწყვეტილებით დამშვიდდებოდა ქუჩა, ოპოზიციური სპექტრი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქუჩაში იყო და განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციული ქმედებით იყო გამორჩეული. მე, რა თქმა უნდა, დავთმე და მაშინაც ვთქვი, რომ ჩემი გუნდის გადაწყვეტილებას ამ პირობით ვეთანხმები და მაშინაც ვთქვი, რომ მაჟორიტარული სისტემა არის უფრო უპრიანი”, — აცხადებს ხუნდაძე.
გუშინ, 12 ნოემბერს, პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი ვერ უყარა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა, სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა.