Alibaba-მ რეკორდული პროდუქცია გაყიდა

ჩინურმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა „Alibaba“-მ „მარტოხელების დღეს“ ახალი რეკორდი დაამყარეა. South China Morning Post-ის ინფორმაციით, საცალო გაყიდვების ყოველწლიური ფესტივალიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 38,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასულ წელს მაჩვენებელი 30,7 მილიარდი დოლარი იყო.
Alibaba-ს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია აიპედები, ლეპტოპები, Huawei Mate 30 Pro და iPhone 11 Pro-ს მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი იყო.
ყოველწლიური გაყიდვების ფესტივალი 11 ნოემბერს იმართება. მასში მონაწილეობას დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი იღებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მონაწილეები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ “ალიბაბამ” პირველი მილიარდის ღირებულების პროდუქციის გაყიდვა ფესტივალის დაწყებიდან 68 წამში შეძლო. ასევე, 1 წამში კომპანიაში 544,000 შეკვეთა შევიდა. Alibaba-ს გაყიდვები ე.წ. „მარტოხელების დღეს“ მხოლოდ 1 საათში 16 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
ჩინელმა მილიარდერმა ჯეკ მამ 17 პარტნიორთან ერთად, საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. 20 წლის შემდეგ, კომპანია სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა; მისი საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 460 მილიარდი დოლარია და მასშო 66,000 ადამიანია დასაქმებული.
ჯეკ მა Alibaba-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან სექტემბერში ნებაყოფლობით გადადგა. გადადგომის შემდეგ, მილიარდერს სურს დროის დიდი ნაწილი და ენერგია ქველმოქმედებას მოახმაროს.