საქართველოს 6 ექიმს საქმიანობის ლიცენზია სამუდამოდ ჩამოერთვათ

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოში 6 ექიმს ექიმობის ლიცენზია სამუდამოდ ჩამოერთვათ.
სააგენტოს დირექტორი, ზაალ კაპანაძე ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
„კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ექიმის საკითხი განხილული იყო სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე და რამოდენიმე ექიმს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლებამოსილება. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექიმებს სამუდამოდ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება. ასეთი იყო 6 შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე, მათ შორის ლეტალურ შედეგთან გვქონდა საქმე“.
როგორც ირკვევა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პიორობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. საქმეს სამართალდამცავები შეისწავლიან.