საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოდის

11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ეწვევა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობას უკავშირდება.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.