„ქართული მარშის“ აქცია დღეს, 16:00 საათზე გაიმართება

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ვასაძე, საპროტესტო აქციის დაწყების დროს 16:00 საათს აანონსებს. “ქართული მარშის” წევრები და მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ “ამირანში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩვენებას გააპროტესტებენ.
ბრეგაძის განცხადებით, ისინი ე.წ. „სირცხვილის კორიდორს“ შექმნიან და არ მისცემენ მსურველებს საშუალებას ფილმს უყურონ.
“16:00 საათზე დაიწყება “ქართული მარშის” საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტური ფილმის ჩვენების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად”, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, თუკი გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, ისინი კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ და კინოთეატრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მისცემენ ფილმის გაშვების საშუალებას. მისი თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, “მარშელები” “გეი პროპაგანდის წინააღმდეგები გამოდიან და განსხვავებული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ“.