გენერალური პროკურატურის პასუხი მაკო გომურის განცხადებაზე

მაკო გომურმა, ვინც “გავრილოვის ღამეს” თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის პროკურატურის მიერ განხორციელებულ ზარზე საუბრობს.

„მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო? წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, – დაწერა სოციალურ ქსელში მაკო გომურმა.

ამის პასუხად კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა :

„20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები.

აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა.

20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, – აცხადებენ პროკურატურაში.