დე ფაქტო ტერიტორიებზე მდგომარეობა კრიტიკულია – სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის კომფერენციაზე

ბათუმში, რიგით მეცამეტე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომფერენცია სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მინ საკუთარ განცხადებაში დაასახელა ის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო. პრეზიდენტი აფიქსირებს მოსაზრებას, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არქონა საქართველოს მთავარ გამოწვევად ისევ რჩება. საქარველოს პირველი პირი აღნიშნავს, რომ ე.წ. დეფაქტო ტერიტორიებზე მოსახლეობის გაჭირვების დონე კრიტიკულს აღწევს და ამან შესაძლოა მეტად გაამწვავოს სიტუაცია.
„ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე. მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას. მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა: მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე ქალი – თამარ გიგაური იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ის ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი. მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები. მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.