ბაკურიანი ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

ბაკურიანი, ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით, კერძოდ კი სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალით შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, თაზო გამცემლიძე ავრცელებს.
„ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მოგეხსენებათ, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. ამასთან, ბაკურიანში დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე და შედეგად ძველი საბაგირო დაახლოებით საათში 350-400 კაცით მეტს გაატარებს, რაც რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს,“ – ამბობს გამცემლიძე.
გამცემლიძის განმარტებით, მიმდინარეობს აქცია და 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება სეზონური აბონიმენტები.