სანდრო ბრეგაძე დიდ “ტაბურეტკობას” აანონსებს

სანდრო ბრეგაძე და მისი ამალა აქციას გეგმავს. თბილისის კინოთეატრებში დაგეგმილი ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერას მრევლი და „ქართული მარში“ გააპროტესტებს.
ფილმი ქართველი გეი წყვილის სიყვარულზეა. ამ თემას ეხმაურება გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და სოციალურ ქსელში წერს:„8,9 და 10 ნოემბერს დიდი ტაბურეტკობაა. „და ჩვენ ვიცეკვებთ”-ფილმის ჩვენებას ეკლესია,მრევლი და ქართული მარში ერთად გააპროტესტებს!“

„და ჩვენ ვიცეკვებთ” ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე. სინოფსისის თანახმად, მერაბი ბავშვობიდანვე ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლში დადიოდა მის ცეკვის პარტნიორთან, მარისთან ერთად. მერაბის სამყარო მოულოდნელად აღმოჩნდა თავდაყირა, როდესაც ქარიზმატული ირაკლი გაჩნდა მის ცხოვრებაში. იგი გახდა მერაბის კონკურენტიცა და სურვილიც. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბი აღმოაჩენს, რომ უნდა გათავისუფლდეს და რისკავს.
ფილმის გადაღება 2018 წლის 29 ნოემბერს დასრულდა. ფილმი შვედეთის და საქართველოს საერთო კოპროდუქციაა.