აკაკი ზოიძე და ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აკაკი ზოიძესა და ბექა ნაცვლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ზოიძემ ნაცვლიშვილს „ტროცკისტი“ უწოდა, ხოლო თავის მხრივ ნაცვლიშვილმა ზოიძე დემაგოგიასა და ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულა.
დაპირისპირება ზოიძეს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ჯანდაცვის კომიტეტმა, როგორც წამყვანმა კომიტეტმა, აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რასაც ბექა ნაცვლიშვილი გააღიზიანა.
მათი შეკამათება ასე მიმდინარეობდა:
„არის მთელი რიგი არგუმენტირებული მოსაზრებები, რომელმაც არ მოგვცა საშუალება კომიტეტის წევრებს, რომ მხარი დაგვეჭირა კანონპროექტისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ თემის განხილვა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რომელსაც უმრავლესობა ამზადებს „შრომის კოდექსში“. ამ ქვეყანაში გვიწევს ბეწვის ხიდზე გასვლა, რომ ერთი მხრივ, არ შევაფერხოთ ეკონომიკური განვითარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეორე მხრივ, არ დავუშვათ ექსპლუატაცია და მონური შრომა. ეს არის ჩვენი მიდგომა, რაც ეხება შრომის უსაფრთხოებას თუ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდება და ამის განხილვას დავიწყებთ,“ – ზოიძე.
„ეგ არის დემაგოგია, რაც თქვენ ილაპარაკეთ. მე რომ მეუბნებით, ჩვენ დიდი ხანია ამ თემაზე ვმუშაობთო, არც ერთი თქვენგანი არ გამიგია, რომ ამ თემაზე მუშაობდა მაშინ, როცა მშრომელთა უფლებებს ვიცავდი და ქუჩაში ვიდექი. რას მუშაობთ, ამდენი ხანი რა გააკეთეთ მითხარით. ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე ვერც ერთ კომიტეტზე, მხარს რატომ არ დაუჭერთ. იცით რატომ არ დაუჭერთ მხარს? კარგი კანონი რაც არის და სხვას შემოაქვს, თქვენ ამას აგდებთ და რაღაც სისულელეებს წერთ შიგნით იმიტომ, რომ ბიზნესს ვერ უწევთ წინააღმდეგობას. ეს არის თქვენი პრობლემა. ამიტომ ვერ გაუმჯობესდა ვერც ერთი დასაქმებულის მდგომარეობა საქართველოში,“ – ნაცვლიშვილი.
აკაკი ზოიძემ მას უპასუხა, რომ სისულელეებს თავად წერს და ტროცკისტი უწოდა.
„ტროცკისტი მე ვარ? შენ რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელი ხარ ბატონო აკაკი? შუაშისტი ხარ? არგუმენტი მაინც გქონდეთ რამე. ეგ არის პრობლემა, ვითომ რაღაცა შუალედურ გზას პოულობთ და კომპრომისზე მიდიხართ ყველაფერზე და ხალხს ატყუებთ, ვითომ რაღაც ცვლილებები შეგაქვთ, – აცხადებს ნაცვლიშვილი.