ყოფილი მიტროპოლიტი ახალ განცხადებას აკეთებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, მარტვილის ტაძარში სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა.
“როცა ადამიანები მძიმე განსაცდელს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნებოდი და ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ მეუფე პეტრე ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს, თან ძალას გაძლევს, რომ ამდენ განსაცდელს გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება სათნო ღვთისა. როგორც შეშვენის მწყემს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის უნდა დადოს სული. ღმერთს შევთხოვოთ, რომ არ დავუშვათ შეცდომა. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ. უსამართლობას და უწმინდურობას არ უნდა შევეგუოთ და უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ, უსამართლობა – სამართლად, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ. შერჩევითი სამართალი არ უნდა გვქონდეს, როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში პირველ რიგში. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ძალიან მებრალება [მეუფე გრიგოლი, პეტრე ცაავას შემცვლელი]. მძიმე ჯვარი შეხვდა, უბრალოდ უნდა ვთქვა, როგორც ჩემთვის ცნობილია, როდესაც 3 წლის წინ, ციანიდის თემა დაიწყო და მცდელობა იყო გადავეყვანეთ ეპარქიიდან და ცვლილება მომხდარიყო, როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქის მდივან რეფერენტი მას სთავაზობდა ჭყონდიდელობას. ქალბატონი მას სთავაზობდა ამას სინოდამდე, თუ სინოდზე მე თანახმა ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა. მით უმეტეს ის იყო ჩემთან ივნისში, როგორც პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, ჩამოსული. მე მთელი გულისტკივილით ვესაუბრე მას, იმ ცოდვებზე, არსებულ მდომარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე. ის, რომ მე ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას, თითქოს მას გაუკვირდა და მისი გულწრფელობის მე არ მჯერა. ბოლოს, როდესაც უკვე ვუთხარი, რომ მაქვს ამის მტკიცებულებები და არ მაქვს პრობლემა ეს ყველაფერი დავამტკიცო, მხოლოდ სჯულის კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი მართალი რომ აღმოჩნდეს, რას იზამ- თქო?
მაშინ რუსულად მიპასუხა, “ნადა პოკრივატ ოტცა”. ე.ი მამა უნდა დაფარო. კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა და ცოდვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია და ეს არ არის შემთხვევითი.
ჩამოვიდეს, სტუმარი ღვითისაა და მით უმეტეს მას დაევალა. მე შეჩერებული მაქვს ღვთისმსახურება. მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად.
ერთი ვიცი, რომ დღევანდელი გადაწყვეტულება არის უსამართლო. მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, რასაც ვამბობდი სტელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი და მე მას პასუხისმგებლობას ვაკისრებდი საპატრიარქოში არაებულ ვითარებაზე და ზოგადად სინოდის მასშტაბით“ – აცხადებს პეტრე ცაავა.