ანრი ოხანაშვილი -პრეზიდენტს შევთავაზეთ,რომ შეწყალების დროს მაქსიმალურად გათვალისწინოს რისკფაქტორები

„პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ ფაქტორები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ მსჯავრდებულს, შეწყალების შემდგომ მის ქცევას საზოგადოებაში და მის ინტეგრაციას. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რაც შეიძლება დაბალი რისკის მატარებელი ადამიანის შეწყალება, რომელიც საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას მოახდენს და არ შექმნის დამატებით რისკებს. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულებას გაურბიან და არც ერთი დღე არ უგრძვნიათ იმ დანაშაულზე პასუხისმგებლობა, რის გამოც მსჯავრდებულად იქნენ ცნობილი და არიან ძებნაში, არ არის მიზანშეწონილი ასეთი პირების შეწყალება, სწორედ დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე. ის დანაშაული, ხარისხი და მოტივი, რომელიც მსჯავრდებულმა გამოავლინა კონკრეტული ქმედების დროს, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული და შესწავლილი. ასევე, არა მხოლოდ პოლიციელის, არამედ მოსამართლის, პროკურორის და სხვა მომეტებული რისკის პროფესიის მქონე (რაც უკავშირდება კრიმინალთან ბრძოლას, სხვისი სიცოცხლის დაცვას და ა. შ.) ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება მაქსიმალურად უნდა იქნას გამორიცხული. მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვანთან მიმართებაში, წამება და ა. შ. არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და მაქსიმალურად გაფილტრულად, მაქსიმალურად ნაკლებად უნდა მოხდეს მსგავსი კატეგორიის მსჯავრდებული პირების შეწყალება,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.