„ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ“ – ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე

„ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ“ – ასეთ კომენტარს აკეთებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მეუფე იაკობის ბრალდებასთან დაკავშირებით.
„ძალიან მოკლედ გეტყვით ამ კითხვაზე პასუხს. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და ვფიქრობ, მთელი საქართველო. ვერ წარმომიდგენია, ეს თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა. არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. გამოძიებაზე გააკეთა გენერალურმა პროკურორმა განცხადება, თქვა, რომ არ ვაპირებთ გამოძიების დაწყებასო. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს აღძრავს, გამოძიების დაწყებას პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია. პროკურორმა თქვა, განცხადება გააკეთა და მე რატომ მეკითხებით?“ – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას თუ რამდენად აქვს კომუნიკაცია მეუფე იაკობთან და რატომ აკეთებს მეუფე იაკობი ამგვარ განცხადებებს.
„ეს ჰკითხეთ მეუფე იაკობს. დანაშაულებრივი თუ გამოვლინდება მისი საუბრიდან, პროკურორი გადაწყვეტს, გამოძიება დაიწყოს თუ არ დაიწყოს, მე რა ვთქვა ახლა – ან დაიწყოს, ან არ დაიწყოს? ის თემა, რომ დამასახელა, არ ვიცი, დაასახელა ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი, მე და არ ვიცი, რატომ დაგვასახელა. კომუნიკაცია როგორ არ მაქვს, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და როგორ არ ვიცნობ არა მარტო იაკობს, არამედ ბევრ მეუფეს და ტრაპეზი იყო თუ დღესასწაული, ბევრჯერ შევხვედრივართ“ – ვახტანგ გომელაური.