პირველი ნოემბრიდან „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები ქიმწმენდის ვაუჩერს მიიღებენ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 1-ელი ნოემბრიდან „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის სალონის ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ისევ შეეძლებათ.
ვაუჩერის მიღებას შემდეგ მისამართზე შეძლებენ: „ავტოსპა“ – ბერი სალოსის გამზირის #31; „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ „ავტოშხაპი“ – შეშელიძის #68. ამ მისამართებზე შეუძლიათ „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. ვინც ისარგებლებს ამ ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.
მერმა ასევე განაცხადა, რომ ლიცენზირებული ტაქსების რაოდენობამ უკვე 13 ათასს მიაღწია.
„მინდა შევეხო ტაქსებზე გამოწერილ ჯარიმებს, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა. პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს, ამ დღეებში განიხილავენ პირველი მოსმენით და მეც მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ. გამოიცემა ერთჯერადი ამნისტიის ბრძანება და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი.
მოგახსენებთ, თუ ვინ თავისუფლდება ჯარიმებისგან: პირები, რომელთაც 1-ელ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ის პირები, რომელთაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი; ასევე პირები, რომელთაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო. მხოლოდ ეს ორი კატეგორია გათავისუფლდება ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან“ – აღნიშნავს თბილისის მერი.