ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდო მიენიჭა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
როგორც ირკვევა, 149 განცხადებიდან მხოლოდ 34 ქვეყანა შეირჩა.
საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა. მან დელეგატები მუცოში დაპატიჟა და სოფლის დათვალიერება სხვა სამყაროსა და სხვა საუკუნეში მოგზაურობას შეადარა.
ყველა პროექტი ადამიანებთანაა დაკავშირებული. მუცოს რეაბილიტაციის პროექტი კი სოსო ბანძელაძეს უკავშირდება, რომელიც დღეს ჩვენს შორის აღარაა. ის, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე, პარიზში, შატლეს თეატრში მისი პროექტი ,,საზოგადოების რჩეულის“ პრიზს მიიღებდა. ეს კი ევროპაში დაბრუნებას ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მისია საქართველოს ევროპაში დაბრუნებაა. ევროპაში კი ჩვენ ასე ვბრუნდებით – კულტურით“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოდან დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ,,ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის თანადამფინანსებელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მელივა, პროექტის ,,ქართული სახლი“ ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი, პროექტის შემსრულებელი კომპანიის „არქიტექსი“ წარმომადგენელი შალვა მელიქიძე.