თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

შალვა თადუმაძე მამა იაკობის განცხადებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, ყველას და მათ შორის სასულიერო პირებს, აქვთ უფლება მიმართონ სამართალდამცავ ორგანოს, ამბობს თადუმაძე.
„სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცდენილი, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. დროში აცდენილია, რადგან მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორეც, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა.
აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია. თუ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის სასულიერო პირს უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“- შალვა თადუმაძე.