ვინ არიან პლანეტის ტოპ ჰაკერები?

2020 მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის საკვანძო წელია. შტატებსა და ბევრ სხვა ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი. თუმცა, რასაკვირველია, ყურადღების ცენტრში მაინც აშშ გახლავთ, როგორც ყოფველთვის, რადგან მიიჩნევა, რომ პლანეტის მომავალი სწორედ თეთრ სახლში წყდება დიდ წილად.
გასული (2016) არჩევნები ამერიკის ისტორიაში შევიდა, როგორც გამორჩეული სიმყიფით. რადგან უკვე არაერთმა სასამართლო პროცესმა თუ განხილვამ დაადასტურა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის დემოკრატიულ სისტემაზე შეტევა გარედან მიიტანეს. ითვლება, რომ სოცქსელების გამოყენებით შტატების არჩევნებზე გავლენა იქონიეს რუსულმა ტროლ ფაბრიკამ.

სწორედ ამის გათვალისწინებით, მსოფლიო კიბერ უსაფრთხოების ზომებზე დაუსრულებლად ზრუნავს. იმ ფონზე, როცა მარკ ცუკერბერგი, ფეისბუქის დამაარსებელი, და სხვა სოც პლატფორმების ხელმძღვანელობები აშშ კონგრესის საგამოძიებო კომისიისა თუ სხვათა კითხვებს პასუხობენ, გლობალური მედია კი კიდევ ერთხელ უთმობს ყურადღებას ჰაკერებსაც. ადამიანებს, რომელთა კიბერ შეტევებმა მსოფლიო შეცვალეს სხვადასხვა დროს.

ჰაკერი ინგლისური სიტყვაა და მიმტაცებელს ნიშნავს. ეს ტერმინი თავდაპირველად 1960-იან წლებში გაჩნდა, თუმცა მას შემდეგ ამ ტერმინმა არაერთი დატვირთვა შეიძინა. მაგალითისთვის, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ჰაკერი „ყველაფრის მცოდნეს“ ნიშნავს. იმისთვის, რომ ჰაკერი ეწოდოს სუბიექტს, მან სულ ცოტა, ორი პროგრამირების ენა უნდა იცოდეს, იცოდეს ქსელი და იყენებდეს ძლიერ ოპერაციულ სისტემებს.

ჰაკერგენიოსები სჭირდებათ სპეცსამსახურებს, მათი ოპერაციებით მართავენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვით სისტემებს, ან პირიქით – ეს სისტემები მათ მწყობრიდან გამოჰყავთ. ტეხავენ, ხსნიან, აზიანებენ, მართავენ და აწყობენ სისტემებს. მათ დაძაბულ და მღელვარე ცხოვრებაზე, გასაოცარ ჰაკერულ ოპერაციებზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს.

ჰაკერები ორ ჯგუფად – შავ და თეთრ ჰაკერებად იყოფიან. თეთრი ჰაკერები დასაქმებულები არიან სამთავრობო ორგანიზაციებში – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ზრუნავენ და შესაბამისად, საშიშროებას არ წარმოადგენენ. რაც შეეხება შავ ჰაკერებს, მათ მიერ შექმნილი პროგრამები, მათ შორის ვირუსები, თავისუფლად შეიძლება იყოს არამხოლოდ საზოგადოების, არამედ სახელმწიფოს დამაზიანებელიც. ისინი ებრძვიან როგორც თეთრ ჰაკერებს, ისევე იმ პირებს, რომლებიც მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული.
ჰაკერების ლიდერთა სია ასეთია:
ამერიკელი კევინ მიტნიკი მსოფლიოში ყველაზე საშიში ჰაკერის ტიტულით სარგებლობს. ის მრავალი წელი ჰაკერობდა, არაერთხელ დააპატიმრეს, გაიარა „კომპიუტერული დამოკიდებულებისგან გათავისუფლების“ კურსი. ჰაკერობა მან 12 წლის ასაკში დაიწყო, როცა პირველად ავტობუსის ბილეთი გააყალბა. 2005 წლამდე ვიდრე ის რამდენჯერმე გაასამართლეს, მას ასობით ანგარიში და სისტემა აქვს გატეხილი. 2005-ში ის თავად გახდა მიმდევარი ჰაკერის მსხვერპლი, რის შემდეგაც მიტკინი უსაფრთხოების კომპანიას ჩაუდგა სათავეში.

მიტნიკზე მონადირე ჰაკერი კი ციტომუ შიმომურა გახლდათ, რომელსაც ასე იმიტომ უწოდებენ, რომ პოლიციას მართლა დაეხმარა მიტნიკის დაკავებაში. სიმომურა ტელეფონების მოსმენის და ადგილმდებარეობის დადგენის სპეციალისტია. ვიდრე სპეცსამსახურები მას საბოლოოდ “დაადგამდნენ თვალს” შიმომურა შოკში აგდებდა არაერთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს.

შოტლანდიელ გერი მაკკინონს, კევინ მატკინის შემცვლელსაც უწოდებენ. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰაკერი სამხედრო სისტემების. მაკკინონი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ჰაკერია, რომლის ექსტრადიციასაც აშშ 2000 წლიდან ითხოვს და სადაც მას 70-წლიანი პატიმრობა ელის, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის, გავლენიან პირთა მფარველობისა და სხვა გარემოებების გამო ის აქამდე თავისუფალია.

ამერიკელი ჯონათან ჯეიმსი პირველი არასრულწლოვანი ჰაკერია, რომელიც კიბერტერორიზმისთვის გაასამართლეს. 1999 წელს 15 წლისამ გატეხა მისივე სკოლის კომპიუტერული სისტემა, კომპანია Bell South-ის სატელეკომუნიკაციო ქსელი და შევიდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სერვერზე, საიდანაც მოიპარა თანამშრომელთა სამი ათასზე მეტი ელექტრონული წერილი, გატეხა ნასა-ს სერვერი და მოიპარა პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სიცოცხლის შენარჩუნების სისტემების მართვისთვის.

ამერიკელი კევინ პოულსენი, იგივე Dark Dante – ყველაზე საშიში და იდუმალი ჰაკერია პენსიაზე. მან გატეხა ლოს ანჯელესის რადიოსადგურ KIIS-FM-ის სატელეფონო ქსელი, იმ დროს, როცა პირდაპირ ეთერში მიდიოდა გათამაშება, რა დროსაც მოიგო Porsche 944 S2 და სხვა ძვირდღირებული პრიზები. არაერთხელ გატეხა სატელევიზიო ეთერები. ამიტომ მას ბლოკირების უბადლო შემსრულებელსაც უწოდებენ. მან “რობინჰუდობაც” სცადა. MySpace-ში ავლენდა და ამხელდა პორნო მოვაჭრეებს.

ჰაკერული საქმიანობის პატრიარქად წოდებული რობერტ მორისი ამერიკელია. ის ითვლება კომპიუტერული სისტემების ვირუსის ერთ-ერთ გამომგონებლად. „მორისის ვირუსი“ მომაკვდინებელი იყო. 1987 წელს, აშშ-ში მან მწყობრიდან გამოიყვანა 6 მილიონზე მეტი კომპიუტერი. ერთი წლის შემდეგ ის დააპატიმრეს და გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კომპიუტერულ თაღლითობაში დაადანაშაულეს.

ჰოლანდიელი სვენ ოლაფ კამფიუსი, ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად, გათიშა ინტერნეტი. გერმანელ მეკობრეთა დაჯგუფების წარმომადგენელი ესპანეთის პოლიციამ 2013 წელს სერიული მსხვილი კიბერშეტევის შემდეგ დააკავა. ეს იყო ძალზე გახმაურებული ჰაკერული ოპერაცია, რომლის შედეგადაც, პრობლემები შეექმნა 50 მილიონზე მეტ კომპანიას და ინტერნეტრესურსებს.

ადრიან ლამოს „უსახლკარო ჰაკერის“ მეტსახელით იცნობენ. ასე იმის გამო მონათლეს, რომ თავის ჰაკერულ ოპერაციებს ის ყოველთვის საზოგადოებრივი ინტერნეტით – ბიბლიოთეკებიდან, ჰოსტელებიდან, კაფეებიდან და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან ახორციელებდა. ლამომ სერიოზული ზიანი მიაყენა არა ერთ მსხვილ კომპანიას. მისი შტურმის მსხვერპლი გახდნენ Bank of America, Yahoo, მაიკროსოფტი და სხვა მსხვილი კომპანიები. მან გატეხა NY Times-ის საიტი და თავის თავი დაამატა ამ უპრესტიჟულესი გამოცემის ექსპერტთა სიას.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკერული დაჯგუფება LulzSec წევრი. კომპანია Sony Playstation-ის მონაცემთა ბაზის შტურმით მან 77 მილიონი ადამიანის პერსონალური ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვა. ამ ოპერაციის შემდეგ, კომპანიამ 24 დღით შეწყვიტა საქმიანობა. მისი ჰაკერული ოპერაციების მსხვერპლი გახდნენ, ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: Mantech International, Sony, Nintendo და ა.შ. კოდი კესტინგერი კიბერდანაშაულისთვის ერთხელ იხდიდა სასჯელს, თუმცა, მისი დაჯგუფების LulzSec-ის წევრთა ვინაობა სამართალდამცველებისთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

სტივ ვოზნიაკმა და სტივ ჯობსმა ერთად ჩამოაყალიბეს „ეფლის“ კომპანია. ვოზნიაკმა ჰაკერობა დაიწყო ბლუ-ბოქსებით, რომელიც საშუალებას იძლევა განახორციელო საერთაშორისო ზარები უფასოდ. ვოზნიაკი და ჯობსი ამ ბლუ-ბოქსებს თანაკურსელებში ასაღებდნენ და თავადაც იყენებდნენ მათ. შემდგომში მათ გადატრიალება მოახდინეს კომპიუტერულ სამყაროში.

ტიმ ბერნერს ლის პატივისცემით მოიხსენიებენ ჯერ მარტო იმისათვის, რომ მან შექმნა მსოფლიო ქსელი – www. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ათასწლეულის ტექნოლოგიის. მართალია, ბერნერს ლი „თეთრი ქუდის“ წარმომადგენელია, მაგრამ ერთხელ ისიც მისცეს პასუხისგებაში ჰაკერობისთვის – მან ოქსფორდში სწავლისას გატეხა მეგობრის კომპიუტერის წვდომის კოდი. მას სასჯელად ის აკმარეს, რომ აუკრძალეს სასწავლო კომპიუტერებთან მიახლოება.

ლინურ ტორვალდსი ოპერაციულის სისტემის linux-ის დამაარსებელია. ის ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანია. თავის თავს ინჟინერს უწოდებს და აცხადებს, რომ „უბრალოდ, მომწონს, როცა ვქმნი მსოფლიოში საუკეთესო ოპერატიულ სისტემებს“. ლინუქსამდე ისიც ჰაკერობდა და არაერთხელ გამხდარა სამართალდამცავთა თავსატეხი.

რიჩარდ სტოლმანი, ის ცნობილია იმით, რომ შექნა GNU Project – უფასო ოპერატიული სისტემა. ამის გამო, მას უწოდებენ, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მამას. მან განაცხადა: ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფა ადამიანებს უმწეოს ხდის და გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.

გარი შელონი „ქართველი ებრაელია“ და მისი ქართული გვარი შალელიშვილია. ის საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის შოთა შალელიშვილის შვილია. შელონი 14 წლის იყო როცა ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ის გაასამართლეს 400 000-მილიონიან კიბერთაღლითობისთვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჰაკერულ ოპერაციადაა მიჩნეული. აშშ–ის მოთხოვნის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება 2 მოქალაქის ექსტრადირებას დათანხმდა. მათ ბანკ JP Morgan Chase-ის სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმაში ედებოდათ ბრალი. შელონი და ზივ ორენშენი 2015 წლის ივლისში დააკავეს. მათ ექსტრადიციას აშშ ითხოვდა. ექსტადიციაზე თანხმობა თავად პატიმრებმა განაცხადეს და ჩადენილი დანაშაულიც აღიარეს.

ვლადიმერ ლევინი, პეტერბურგელი ბიოქიმიკოსი, რუსული კიბერდანაშაულის “მამადაა” ცნობილი. ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პროგრამისტადაც ითვლება. მან შეძლო Citibank-ის სისტემის გატეხვა და სხვადასხვა ანგარიშებზე 10 მილიონი დოლარის გადატანა. მისი თავდასხმა გამოავლინეს, თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმემ მისი კოდი გატეხა, არამედ იმიტომ, რომ მეგობრებმა “ჩაუშვეს”. 1995 წელს ის დააკავეს და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.