საქართველოს პრემიერი შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადასვლაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადადის. ის მიუთითებს, ორი ქვეყნის ახლო ურთიერთობაზე და იმ სასარგებლო შედეგებზე რომელზეც ეს კავშირი იქონიებს გავლენას.
„მინდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტში არის ხაზგასმული: პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ხაზგასმულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს უსაფრთხოების კონტექტის გაძლიერების აუცილებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში, შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი ამ აქტის და ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება. ეს ყველაფერი სრულად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ასევე მინდა გულწრფელად გითხრათ, ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმების და დემოკრატიზაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე შემართებით კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი“ – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი სტატიები