გახარია-ბერას ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას გამოეხმაურა.
„ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ხალხნო, წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობის, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, ეს არის უსამართლობა, მიუღებელი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობისთვის.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები. 3 მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული ქველმოქმედებაში. ქველმოქმედების აქტზეც ხდება პოლიტიკური შეტევა“, – განაცხადა გახარიამ.