ბესელია მათიკაშვილს: შენ ხარ ამ კლანის ერთ-ერთი იაფასიანი, მდარე ლობისტი

“მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის ერთ-ერთი იაფასიანი, მდარე ლობისტი ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა, რომ სხდომა გააგრძელო, თორემ წინ მაგალითები გაქვთ და უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. ”
ასე მიმართა დავით მათიკაშვილს ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს.
23 ოქტომბერი, 2019
„ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა”,- განაცხადა ბესელიამ.
მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინა და „კიდევ ერთხელ ნუ გამოაჩენდა სახეს“.
„ბევრს ნუ ლაპარაკობ, შენ სახეს მიხედე. შენნაირი მედროვეები აზიანებენ პარლამენტსაც და გუნდსაც”,-განაცხდა ბესელიამ.
ამის შემდეგ მათიკაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ბესელიას, თავი შეეკავებინა და აღნიშნა, რომ „თუ თავის შეკავება არ შეეძლო”, დარბაზი დაეტოვებინა, რაზეც ბესელიამ აღნიშნა, რომ „ამ სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა“.
„სინდისი, რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი”,- განაცხადა ბესელიამ.
მანამდე კი ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის წინა რეჟიმის ჯალათი.