დავით ზალკალიანი -უპრეცედენტო აქტი აშშ-გან

ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობის ისტორიაში და საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დაამტკიცების საკითხს.
მინისტრი განმარტავს, რომ დოკუმენტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
„მინდა, უპირველესად, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ ამ მართლაც უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტის მიღებისთვის. მხედველობაში მაქვს წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან ერთხმად დამტკიცება. რა თქმა უნდა, ამ აქტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში. შემდეგ უკვე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ამოქმედდება. ეს მართლაც ყოვლისმომცველი და ტოლფასია საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა. ზუსტად ასეთი სახის პარტნიორობა გვსურს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ეს დოკუმენტიც განსაზღვრავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.