ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში მიანმარის სამოქალაქო ლიდერთან აუნ სან სუ ჩისთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“Aung San Suu Kyi ნობელის პრემიის ლაურეატი. თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება! დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი! ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა”, – წერს ზურაბიშვილი.
აუნ სან სუ ჩი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველად მიიჩნეოდა, თუმცა მიანმარში როჰინჯი მუსლიმების დევნის გამო მისი სტატუსი ნელ-ნელა ეჭვის ქვეშ დადგა.
როჰინჯი მუსლიმების დევნის გამო აუნ სან სუ ჩი არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ და საპატიო ჯილდოები ჩამოართვეს. 2007 წელს კანადის პარლამენტმა აუნ სან სუ ჩის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა, რომელიც როჰინჯი მუსლიმების მასობრივი მკვლელობის გამო 2018 წელს ჩამოართვა.
2018 წლის ნოემბერში მიანმარის ლიდერმა კიდევ ერთი ჯილდო დაკარგა. ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა მუსლიმების გენოციდის გამო აუნ სან სუ ჩის “სინდისის ელჩის” ჯილდო ჩამოართვა. ეს ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც მან 2009 წელს მიიღო.
როგორც Amnesty International-მა მაშინ განცხადებით, აუნ სან სუ ჩის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის გაღვივებას როჰინჯი მუსლიმების წინააღმდეგ, ის უარყოფდა გენოციდზე ბრალდებებს და ხელს უშლიდა საერთაშორისო გამოძიებებს.
მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა. გაეროს თანახმად, მიანმარის მთავრობამ, რომელსაც აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან.