ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების პროექტს კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება

“ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში შეხვედრა და ღია განხილვის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, ის „მინისტრის საათისა“ და სხვა ფორმატებში პარლამენტში ანაკლიის თემასთან დაკავშირებით არაერთხელ წარსდგა.
„ასევე არაერთი დებატი, ღია ეთერი, განცხადება მქონდა ანაკლისის თემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვიჭირს ანაკლიის თემაზე ღია და საჯარო საუბარი. არაერთხელ იყო ასევე ჩემი მხრიდან შეთავაზება მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც რაც არ უნდა თქვას, მაინც არის ანაკლიის კონსორციუმის ძირითადი წარმომადგენელი, ღია და სატელევიზიო დებატები გაგვემართა, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი. არასდროს არ გვქონია დიალოგის პრობლემა და შეხვედრის პრობლემა ანაკლიის კონსორციუმთან,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, ანაკლიის კონსორციუმთან შეხვედრა ამ კვირაშიც იგეგმება.