რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას – სირცხვილია, არც ერთ უსამართლობას არ გაგიტარებ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამოუკიდებელი დეპუტატები და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიასა და რატი იონათამიშვილს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ განაცხადა, რომ გუშინ კანდიდატ ლევან მიქაბერიძის მოსმენაზე მმართველი პარტიის წევრებმა სხდომა კითხვების დასმის შემდეგ დატოვეს, ახლა კი გიორგი მიქაუტაძეს სასათბურე პირობებს უქმნიან.
აღნიშნული განცხადება რატი იონათამიშვილმა გააპროტესტა და თქვა, რომ მან მთელი დღის განმავლობაში სხდომა სულ 15 წუთით დატოვა, რაზეც ეკა ბესელიამ დაწყნარებისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ “რაღაცებით ნუ სარგებლობს”.
„დაწყნარდი, რატი, სიტყვას ნუ მაწყვეტინებ, ყველაფერზე შენ ნუ პასუხობ. ნუ სარგებლობ რაღაცებით. რა დღეში ხარ? მე ვცდილობ, რომ შენ არ აგყვე, დამშვიდდი. მმართველ პარტიას არ სჭირდება შენი დაცვა. თავს თვითონ დაიცავენ და უფრო უკეთაც,” – მიმართა ბესელიამ იონათამიშვილს.
ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით. ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა დიაგნოზი. როცა ადამიანის უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შეზღუდულ შესაძლებლობაზე მიგითითებს, ამით თითოეულ შშმ პირს აყენებს შეურაცხყოფას.
ამაზე უკადრებელი უკვე აღარ ვიცი, რა უნდა თქვას. ასეთი მენტალიტეტი ქმნის სტერეოტიპებს და ამას ვებრძვი მას შემდეგ, რაც ეტლის საჭიროება მაქვს“, – ასე უპასუხა რატი იონათამიშვილმა ეკა ბესელიას რეპლიკას.