გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში რაიმე სახის გავლენიანი ჯგუფები არ არსებობს

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ე.წ. კლანის წევრად განიხილავენ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს. სისტემაში გავლენიან ჯგუფებზე ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფო კილაძემ იკითხა, რომლის თქმით, ე.წ. კლანურ მმართველობაზე საზოგადოებაში წარმოდგენა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა.
გიორგი მიქაუტაძის მტკიცებით, სასამართლო სისტემაში არსებობს გუნდი, რომელიც დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და განვითარებაზე ზრუნავს.
„არ არსებობს სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი, რომელიც იღებს გარკვეული სახის გადაწყვეტილებას. სასამართლოში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და სასამართლო სისტემის განვითარებაზე. ახალი არ არის არც თქვენთვის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასამართლო სისტემას მოუწია ძალიან ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში, ჩვენი განსახორციელებელია და ეს მარტივი პროცესი არაა. ამ პროცესში არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვიწევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა გარკვეულწილად შეიძლება ითქვას რომ ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ ამას ყველას საქმით ვუდასტურებთ. სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად გახსნილია და გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ, მაქსიმალურად გამჭვირვალეა- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.