მოძრაობა ქვეყნის სამსახურში აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად აქციას მართავს

მოძრაობა ქვეყნის სამსახურში აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად აქციას მართავს. მოძრაობის წევრი თამარ კაკაბაძე ამბობს, რომ ის ოპერაში შევიდა, სადაც ფორუმი იმართება, და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უთხრა, რომ “სირცხვილია”.
“შემომიბრუნდა და მკითხა, აბა რა არის სირცხვილი?” — თქვა კაკაბაძემ.
„ჩვენ დავპირდით ბატონ გიორგი გახარიას და მთლიანად მთავრობას, რომ არ გავუტარებდით მათ 20 ივნისის ღამეს და ყველგან შევუქმნიდით დისკომფორტს, სადაც იქნებოდნენ. გუშინ შევიტყვეთ, რომ დღეს ჰქონდათ ფორუმის გახსნა, მოვედით და გვინდა, რომ არა მარტო გიორგი გახარიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ აქ მოსულმა სტუმრებმაც დაინახონ ჩვენი პროტესტი და გავაგონოთ, რომ ჩვენი მთავრობა არის პრორუსული, გიორგი გახარია არის მოსკოვის კაცი. უბრალოდ ვაპირებთ ხმაურს, რადგან შიგნით შესვლის საშუალება არ გვეძლევა. რაღაც დესტრუქციებს არ ვაპირებთ. გვინდა, ვიხმაუროთ და მივაწვდინოთ ხმა გახარიას და დამსწრე სტუმრებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამთა გოგოლაძემ.