გახრია აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში

გვჯერა, რომ ჩვენ, ქართველებს, ეს ფორუმი დაგვეხმარება, უფრო კარგად და ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი უნიკალური მისია – ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი და ვიყოთ ის ადგილი, სადაც ეს ორი დიდი ცივილიზაცია ხვდება ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით.
„ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივას – „ერთი სარტყელი ერთი გზის“ შესახებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ამან უკვე თავისი შედეგიც გამოიღო. დღეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.