ლუკაშენკო 2016 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყანას პირველად ესტუმრება

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ბელარუსის პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყანას ეწვევა. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო ავსტრიაში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვან დერ ბელენს შეხვდება. ვიზიტი 12 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.
ამის შესახებ განცხადება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ, გერმანელ კოლეგა ჰაიკო მაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მაკეის თქმით, ლუკაშენკო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მიიწვია, მათ შორის არის ავსტრიაც.
„ავსტრიელ კოლეგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვიზიტის ეკონომიკურ პროგრამაზე ვმუშაობთ. ამას გარდა, დაგეგმილია ბელარუსისა და ავსტრიის პრეზიდენტის მოლაპარაკებებიც”, – განაცხადა მაკეიმ.
ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს ბოლოს 2016 წლის მაისში ეწვია. მაშინ ბელარუსის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა.