საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ტოკიოს მერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს. ზურაბიშვილის თქმით, თბილისი ტრანზიტული ფრენებისათვის ხელსაყრელი ქალაქია და ამ მიმართულებით მუშაობა ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომა.
მხარეებმა ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების საკითხი განიხილეს. ტოკიოს მერმა პრეზიდენტს 2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ძალისმიერი სპორტის სახეობებში ქართველი სპორტსმენების განსაკუთრებულ წარმატებებს გაუსვა ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებით იასპარეზებენ.