ქეთევან ციხელაშვილი – მუდმივი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების მხრიდან დაძაბულობის შექმნაზეა გათვლილი

საქართველოს ტერიტორიების მეტრობით დაჩეხვისას პროვოკაციული მოქმედებების მიზანი საზოგადოებაში უიმედობის, ესკალაციის, დესტაბილიზაციის წარმოქმნის სურვილია და ეს არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
მინისტრის შეფასებით, მუდმივი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების მხრიდან დაძაბულობის შექმნაზეა გათვლილი.
„ამიტომ, საპირისპირო უნდა გავაკეთოთ და ამ ფონზე დიდი ყურადღებით, ერთის მხრივ მოვახდინოთ თითოეულ ამ ეპიზოდზე რეაგირება და დეესკალაცია, რაც პირველი რეაქცია და მთავარი ამოცანა იყო. ამის პარალელურად, არ შევაფერხოთ ჩვენი განვითარების კურსი, არც ერთი წუთით არ გადავუხვიოთ დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური გაძლიერების კურსიდან, რომელიც ქვეყანას აქვს. მე აქაც და ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველგან აღვნიშნავ, რომ საქართველო არ არის ნეიტრალურ გარემოში და არ გვიწევს ჩვეულებრივ გარემოში ქვეყნის განვითარება და რეფორმების ძალიან ამბიციური დღის წესრიგის განხორციელება. დიახ, ჩვენ არაჩვეულებრივ და სამწუხაროდ, არანორმალურ გარემოში მიმდინარე პროცესის ფონზე გვიწევს ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ უნდა გავძლიერდეთ და გავაძლიეროთ ის მოსახლეობა, რომელიც ზარალდება, მათ შორის ატოცში. სახელმწიფო აქცევს და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს როგორც ატოცს, ისე ნებისმიერ სოფელს, რომელიც არის მავთულხლართებით დასერილი და გახლეჩილი. ამ ხალხს, დევნილებს და კონფლიქტით დაზარალებულებს გავაძლიერებთ და ქვეყნის განვითარებით და ჩვენი სწრაფი პროგრესით გავცემთ ყველაზე ქმედით პასუხს ოკუპაციას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ამ წუთებში მინისტრს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დახურულ ფორმატში უსმენენ.