გახარია ე.წ მუქარის წერილზე: ყველაფრისთვის მზად ვარ

ყველაფრისთვის მზად ვარ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი „მუქარის წერილის“ შესახებ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა რამეს პროკურატურისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის ორიგინალის გადაცემა და არის თუ არა პრემიერ-მინისტრი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს.
“არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ”,- განაცხადა გახარიამ.
მამუკა ხაზარაძის, ადვოკატები ე.წ მუქარის წერილის დედანს, რომელიც ხაზარაძის თქმით მას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, შუამავლის მეშვეობით გაუგზავნა, პროკურატურას დღეს, 21 ოქტომბერს, გადასცემენ.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, მედიას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წერილის დედანიც აჩვენა.
კორძაძის თქმით, უშუალოდ წერილის დედანზე, რომელიც ლონდონში ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, 17 ანაბეჭდია.