გახარია-ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს

ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, გადაწყვეტილი იქნება. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღაწიოთ შედეგს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.
„ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერ ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება.