აფეთქება გურამიშვილის გამზირზე

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
აფეთქების შედეგად, ასევე დაზიანებულია, კორპუსის მიმდებარდ გაჩერებული მანქანები, ახლოდებარე საცხოვრებელი სახლების ფაჯრებია ჩამსხვრეული.

როგორც ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე აცხადებს, მოსახლეობის ქირით გაყვანა ოხდება. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, როდის დაუბრუნდებიან ოჯახებ საკუთარ ბინებში.

“გამგეობა მაქსიმუმს გააკეთებს. პირველადი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გვეცოდინება კორპუსის დაზიანების შესახებ დეტაური ინფორმაცია. მოსახლეობას გავიყვანთ ქირით. ამ დროისთვის კორპუსი მთლიანად დაცლილია. აფეთქება მოხდა ჯავახიშვილის ოჯახში, დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. რატომ მოხდა ან რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამას შესაბამისი სამსახურები გვეტყვიან“, – განაცხადა ნაძალადეის გამგებელმა

აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.
“პაციენტი დილის 9 საათზე შემოიყვანეს, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი”, – განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინსტრო გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.