გენერალური პროკურატურა მზად არის, მიიღოს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულის, მამუკა ხაზარაძის მხრიდან წერილის დედანი

გენერალური პროკურატურა მზად არის, მიიღოს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულის, მამუკა ხაზარაძის მხრიდან წერილის დედანი, რომელსაც დაცვის მხარის ინფორმაციით, ლონდონში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
გენერალური პროკურორის მოადგილემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იცნობს თუ არა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ის აღნიშნული წერილის დედანის მიტანას გენერალურ პროკურატურაში აპირებს.
„როდის თქვა ასე?! კარგი იქნება, თუ მოიტანს, ჩვენ მივიღებთ“, – აღნიშნა გიორგი გოგაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეს ზედამხედველობას თვითონ არ უწევს, შესაბამისად, რთულია, უპასუხოს კითხვას, „არის თუ არა წერილის დედანი ფარატინა ფურცელი“. „ის ფურცელი მე არ მინახავს. არ ვკურირებ მე ამ მიმართულებას. შესაბამისად რთულია, მე ამაზე პასუხი გაგცეთ”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.