ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურაში. ადგილობრივებმა აცნობეს, რომ დარკვეთის მაღაროში 29 წლის მუშა გარდაიცვალა.
პროფკავშირების თავმჯდომარემ პაატა სამხარაის ინფორმაციით, მაღაროში, ფიგელს შორის გვირაბის სამაგრი ჩამოიშალა და მუშა ჩამონაშალში მოყვა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა.
“ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებით, “წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა”.
“ამ დროისთვის “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს“, – აცხადებს კომპანია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.