თურნავას თქმით, მთავრობამ მხარი დაუჭირა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ფრენების დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალის შექმნას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, საჰაერო მარშრუტების მცირედი კორექტირება მოხდა, თუმცა სახელმწიფოს ფინანსური ზარალი არ მიადგება.
“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც ყველაზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და ასობით სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა მისი განთავსების 100 წლის წინ სწორედ აბასთუმანში იყო ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც მოგვმართა აბასთმუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების (და აქ არის საუბარი არანარი საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებზე) და იმდაგვარად, რომ დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო თან იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი რა იკარგება ამით და არანაირი ზარალი არ ადგება, არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან, რა საკვირველია, ამას დავუჭირეთ მხარი”, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის, საქართველოსთვისაც, სადაც კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენების დროს ან ნავთობსადენების ზევით დროდადრო იცვლება ფრენების მარშრუტი.