თურნავა – ანაკლიის კონსორციუმს, მიხედონ საქმეს

ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თქვენ შეიტყვეთ, რომ მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია. 2017 წლიდან მოყოლებული 6-ჯერ მოხდა ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, მოცემულობა, რომ მთავრობამ 6-ჯერ გადაუვადა კონსორციუმს ვადა, დასტურია იმ მხარდაჭერის, რომელიც მთავრობას პორტის მშენებლობის მიმართ აქვს.