მაია ცქიტიშვილი ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, ამერიკელების ადგილი არათუ არის შავ ზღვაში, არამედ აშშ-სა საქართველოს ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ პარტნიორულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს.
„რა თქმა უნდა … და ძალიან საინტერესო კითხვაა. პირადად ჩემს მიმართ კონსორციუმის მხრიდან ბრალდებები გვესმის, თითქოს ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან, ამავდროულად, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაში, უბრალოდ არათავსებადია ერთმანეთთან. ერთ ლოგიკაზე და ერთ ხაზზე უნდა შეთანხმდნენ.
რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადიანი ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, როგორიც არის ასეთი ტიპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელნი არიან ამ პროექტში“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.