ლილუაშვილი – მთავარ საფრთხე საქართველოსთვის რუსული ოკუპაცია

საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად.
აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები,“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.