საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია, დღეს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პატივისცემის აღსანიშნავად ოფიციალური ცერემონია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა.
როგორც აღინიშნა, მათ კეთილმეზობლური ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
“ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს – ეს არის ჩვენი ისტორია და ჩვენი წინაპრები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ორ ხალხს შორის მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამ ვალდებულებას. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მეტი იმუშაოს იმისთვის, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ვთანხმდებით, რომ შეგვიძლია ის კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მათ შორის ეკონომიკაში, მშენებლობაში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, სპორტში და ყველა მიმართულებით”,- აცხადებს საქართველოს პრემიერი.
ფაშინიანმა კი აღნიშნა, რომ მისი პრემიერობის ერთ-ერთი მიღწევა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაუმჯობესებაა.
“მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო უმჯობესდება ყველა სფეროში. პრემიერ-მინისტრად ჩემი წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდში ყველაზე კარგ მიღწევად აღვნიშნავდი სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება”,-აღინიშნა ფაშინიანის განცხადებაში.