A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ – კახა კალაძე

1 ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ – განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მძღოლები, რომლებიც ვაუჩერს გამოიყენებენ ასევე მიიღებენ კომპანია „ვიანორის“ 20%-იან ფასდაკლების ბარათს. როგორც განმარტა მერმა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეტყობინების სახით მიუვათ ყველა სერვისცენტრის მისამართი.
„პირველი დღეების განმავლობაში 2000-მდე A კატეგორიის ლიცენზიანტი ტაქსის მძღოლი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეის მდგომარეობით, 9000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ყველა ეტაპი და ეს ეტაპები უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ასევე მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, იყოს სისუფთავე, მოწესრიგებული ტაქსი. ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ, იქნება კონტროლი. კონტროლი იმისა, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული და ადამიანმა, რომელიც სარგებლობს ამ სერვისით, თავი იგრძნოს კომფორტულად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და გამართული“- აცხადებს კახა კალაძე.