კუბლაშვილი VS თოდაძე გვარამიას მოედანზე

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სავარაუდო მსხვერპლს, თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს დებატებში იწვევს. მთავარი არხის წამყვანსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას ეთერის დათმობის თხოვნით მან Facebook-ის საშუალებით მიმართა.
“ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის!” — წერს კუბლაშვილი.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას ეთერში სტუმრობა მისთვის კომფორტული იქნება:
“მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში”.
ცნობისთვის, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.