ქართული სივრცე ბარსელონაში სახელწოდებით“დარიალი” გაიხსნა

8 ოქტომბერს ბარსელონაში, casa tomas roger-ის შენობაში ქართული სივრცე “დარიალი” გაიხსნა. ამ ამბის მთავარი ნაწილი კი ისაა, რომ მის უკან ქართველები, კერძოდ, მაკა ასათიანი და დიზაინერი ჯაბა დიასამიძე დგანან. 2 წლიანი მუშაობის შემდეგ მათ საბოლოოდ შეძლეს, შეექმნათ ქართული სივრცე ჟღერადი სახელითა და საინტერესო კონცეფციით.

დარიალი ერთგვარი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელშიც ქართველი და უცხოელი დიზაინერების სამოსი გაიყიდება. აქვეა მოწყობილი გალერეა, წიგნის მაღაზია და რესტორანი “Le Léopard“. გარდა იმისა, რომ დარიალი კონცეფციის მხრივ საკმაოდ საინტერესო ადგილია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერიერის კუთხითაც საკმაოდ ორიგინალური და დახვეწილია. მის დიზაინზე მაკა ასათიანმა და ჯაბა დიასამიძემ ერთობლივად იმუშავეს. ცნობილია ისიც, რომ სპეციალურად დარიალისთვის შედგა კოლაბორაცია ჟურნალ “აპარტამენტოსა” და ჯაბა დიასამიძეს შორის.

ერთგვარად ეს არის ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სივრცე ქართული შტრიხებით. სამომავლოდ სწორედ ამ სივრცეში გაიმართება გამოფენები, შეიქმნება ქალისა და მამაკაცის კოლექციები და იმუშავებს სახელოსნოც. დარიალის კრეატიული კურატორი თავად ჯაბა დიასამიძეა, რომელიც ამიერიდან ბარსელონაში მულტიფუნქციური სივრცის განვითარებას შეეცდება.