ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.
ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.
საკრედიტო რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა დღეს ბრინფინგი გამართა. ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მთავარ გამოწვევად ეკონომიკის სიმცირე რჩება, ამიტომ მდგრადი ეკონომიკური ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოფხვრამდე მიგვიყვანს.
სარეიტინგო სააგენტოს მიერ დადებითად შეფასდა და რეიტინგის გაუმჯობესების საფუძვლად იქნა მიჩნეული:
საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია – საგარეო გამოწვევების მიუხედავდ, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება;
მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას;
სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები;
მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
სარეიტინგო კომპანიამ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 4%-იდან 4.5% -მდე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და მიმდინარე რეფორმები იძლევა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და ორიენტირებულია გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე.