ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოში არსებული პრობლემები განიხილეს

გავრცელებული ინფორმაცით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე ისუბრეს აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებზე ივნის-სექტემბერში.
აშშ-სა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ე.წ. გადასასვლელები და არ შეზღუდონ ადგილობრივი მოქალაქეების გადაადგილება.
„განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება“,- აღნიშნა საქართველოს საგარეო მინისტრმა.
მორიგი მოლაპარაკება 2010 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე დისკუსია მიმდინარეობს 2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.