საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჩამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეხვედრა ბათუმში შედგა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მიღწეულ წარმატებებზე, ასევე – რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
როუზ გოტმიოლერის განცხადებით, ბოლო წლებში ნატო-ს ლიდერებმა „დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერმა გახარიამ განცხადება გააკეთა, ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:
„ეს არის ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა, ასევე ნატო-ს თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მისი უსაფრთხოების საფუძველი. ეს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში, არის სიმბოლური, რამეთუ ახლახანს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია და მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის შედეგად მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში, რა თქმა უნდა, ნატო-ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“