ჰონგ კონგში პოლიციამ არეულობის შემდეგ მომინტიგეები დაშალა

ჰონგ-კონგში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საიუბილეო თარიღის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ დემონსტრანტს გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ადასტურებს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დემონსტრანტები პოლიციის მიმართულებით ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისვროდნენ. სამართალდამცველებმა კი, მათ გასანეიტრალებლად ცრელმსადენი აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც 15-მდე ადამიანი დაშავდა. სოციალურ ქსელში კი, გავრცელდა ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც პოლიცია დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლსასროლ იარაღს ისვრის. დაუდასტურებელი ცნობებით, ერთი აქტივისტი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაიჭრა.
პოლიციამ ის ადგილები გამოავლინა, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ასაფეთქებელი ნივთიერებები მზადდებოდა. ამოღებულია ასევე დიდი რაოდენობით დამრტყმელი იარაღი და სხვა სახიფათო ნივთები.
აღნიშნულ მოვლენებს წინ სამართალდამცველთა მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა უძღოდა. დემონსტრანტებმა ასევე დაუდგენელი ნივთიერება გამოიყენეს, რომლის შედეგად პოლიციელებმა და ჟურნალისტებმა დამწვრობა მიიღეს.
ჰონგ-კონგის პარლამენტმა პერსონალის ევაკუაცია გამოაცხადა.