მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს.
დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.
პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.