დღეს სოხუმის დაცემის დღეა

დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მძიმე დღეა. უახლეს ისტორიაში კი ალბათ ყველაზე სისხლიანი. 26 წლის წინ სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.
როგორც წესი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მწუხარე სახეებით მივლენ საფლავებზე, რომელიც შეიძლება არც იცოდნენ გვარებით – ვისია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ათასობით მეომარს გაიხსენებენ. თუმცა ალბათ არც გააანალიზებენ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ასე იმიტომ, რომ დღემდე ქვეყანა ვერ შეთანხმდა იმაზე – როგორი უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების გზა. დღემდე საფლავებზე მისვლა, თუ ტრაგიკული დღეების გახსენება მხოლოდ ფასადური სახისაა.
დიდი ალბათობით, არავის მოუვა აზრად, კითხვა მაინც დასვას – რა ბედი ეწია სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც, უკვე 20 წელზე მეტია, აღძრულია. ამ საქმით უნდა დაედგინათ აფხაზეთში ქართველების გენოციდი.
მარტო ეს უნიათობაა საკმარისი იმისთვის, რომ დაასკვნა: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპაციას მავანნი პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებენ. სინამდვილეში, დიდად არც ტკივათ აფხაზეთი.
ასეთი უნიათობა ბევრია ახლო წარსულში. ამას მტერიც ხედავს და ამიტომაცაა, რომ მოსკოვმა გასულ კვირას საკითხი ასე დასვა – დროა მსოფლიომ ქართველების მიერ აფხაზების გენოციდი აღიაროსო.
ყოჩაღ ზვიად, ედუარდ, მიშა, ბიძინა… თქვენ ყველაფერი გააკეთეთ ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ქართველების გენოციდი, მტრის გენოციდით ჩანაცვლდეს.
არადა ფაქტია: 1993 წლის 27 სექტემბერს, რუსეთის მიერ ინსპირირებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს განიარაღებულმა ძალებმა, შეიარაღებულ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებს, კაზაკთა რაზმებსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. სოხუმზე შტურმი გუდაუთაში დაბანაკებულმა რუსეთის არმიის 345-ე საჰაერო-სადესანტო ბატალიონმა დაიწყო და დაასრულა კიდეც.